მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერად, 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ, დაღუპულთა ოჯახის წევრები კი, 300 ლარს
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მაისის 769-ე განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ერთჯერად ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
მთავრობამ განკარგულება 9 მაისთან – ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღო.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახმარების ოდენობა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის შეადგენს 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის 300 ლარს.
ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას თბილისში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციარებს დახმარებას სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაურიცხავს.
საქართველოში ამ დროისთვის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 371 ადამიანი ცხოვრობს.