მენტორი მასწავლებელი პეტრე ბაბილუა - მასწავლებლის ხელფასი, ძირითადად, სტატუსებიდან გამომდინარეა გაზრდილი, ძირითადი ხელფასი მეტი უნდა იყოს და შემდეგ სტატუსიდან იყოს პატარა განსხვავებები
პოლიტიკა, რაც თქვენი მინისტრობის პერიოდში დაიწყო, პრობლემებზე ასე ღიად საუბრები, უკვე ნიშნავს იმას, რომ სისტემა ფიქრობს, რა და როგორ უნდა გაუმჯობესდეს, – ამ განცხადებით „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ 2023 წლის მფლობელმა, „ევროპული სკოლის“ მენტორმა მასწავლებელმა, პეტრე ბაბილუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ სტუმრად მყოფ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მიმართა.
მისი თქმით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სახელფასო პოლიტიკასთან უნდა იყოს მიბმული.
„ფაქტი, რომ მასწავლებლის ძირითადი ხელფასი დღეს არის 400 ლარი, პრობლემაა. თავის დროზე სქემა რომ შეიქმნა და დღემდე ბევრჯერ შეიცვალა, ადასტურებს, რომ რაღაც ისე კარგად არ მუშაობს. მასწავლებლის ხელფასი, ძირითადად, სტატუსებიდან გამომდინარე არის გაზრდილი. საჭიროა, სტატუსი არსებობდეს. მასწავლებელს სჭირდება წახალისება და მოტივაცია, მაგრამ ძირითადი ხელფასი უნდა იყოს ალბათ უფრო მეტი, შემდეგ კი, სტატუსებიდან გამომდინარე, უნდა იყოს პატარა განსხვავებები“, – განაცხადა ბაბილუამ.
პეტრე ბაბილუამ ასევე აღნიშნა, რომ დღეს არსებული პროფესიული განვითარება არის ის, რასაც სახელმწიფო სთავაზობს მასწავლებელს, გარკვეულ ჩამონათვალს და საჭიროა, ამ მხრივ უნივერსიტეტებიც გააქტიურდნენ.
„ჩვენ სკოლამ უნდა გვიკარნახოს, კონკრეტულად, რა სჭირდება მასწავლებელს. აქ ალბათ, საჭიროა, უნივერსიტეტებიც გააქტიურდნენ და თვითონ შექმნან პროფესიული განვითარების პროგრამები. არ შეიძლება, ერთ დაწესებულებას ჰქონდეს ყველა ტიპის პროფესიული განვითარების პროგრამა. აქ შეიძლება, პირობითად, ილიას უნივერსიტეტმა მეთოდიკური ტრენინგი შესთავაზოს, ქუთაისის უნივერსიტეტმა – სხვა მოდული, სახელმწიფო უნივერსიტეტმა – სხვა და ა.შ. მე, როგორც მასწავლებელს, ვთქვათ, მჭირდება გარკვეული პროექტის შესრულება და ვხედავ, რომ კომპეტენციები რაღაც მიმართულებით არის სუსტი, პირველ რიგში, მე უნდა განვსაზღვრო, რა მჭირდება, როგორ დამეხმარება ამაში სკოლა, როგორ დამეხმარება სახელმწიფო და მასწავლებლის სახლი ალბათ ამ შემთხვევაში უნდა იყოს მენეჯმენტის და ადმინისტრირების როლში“, – განაცხადა ბაბილუამ.
მისივე თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმა ამბობს, რომ ყველა მოსწავლე, ყველა გაკვეთილი ერთსა და იმავე შედეგზე უნდა გავიდეს და ამ მიმართულებით სამინისტროს აბსოლუტურად სწორი ხედვა აქვს.
„რას ვეუბნებით ჩვენ მშობელს, რომელსაც შვილი მიჰყავს სკოლაში და მენტორის ან წამყვანი მასწავლებლის გაკვეთილი რით განსხვავდება, ვთქვათ, ქვედა დონის სტატუსის მქონე მასწავლებლის გაკვეთილისგან? ეროვნული სასწავლო გეგმა გვეუბნება, რომ ყველა მოსწავლე და ყველა გაკვეთილი ერთსა და იმავე შედეგზე უნდა გავიდეს. ამიტომ ამ მიმართულებით სამინისტროს აბსოლუტურად სწორი ხედვა აქვს და ყველა ინიციატივა, რასაც ამ პერიოდში ვისმენთ, იქნება ეს პროფესიული მიმართულებით განვითარება, უმაღლესი განათლება თუ ზოგადი განათლება, აბსოლუტურად სწორი მიმართულებით მიმდინარეობს“, – განაცხადა პეტრე ბაბილუამ.