მელტონიანების საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრდა
მელტონიანების საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრდა. აღნიშნულ საქმეს ევროსასამართლოში იურისტი ლია მუხაშავრია წარმოადგენს.
როგორც იურისტი აცხადებს, 2016 წლის ივლისში, წალკაში ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობის საქმეზე სახელმწიფომ ვერ შეძლო დაზარალებულად ცნობილი მელტონიანების მიმართ ევროკონვენციით დაცული სიცოცხლისა და სასამართლოს უფლებების დაცვა, რის გამოც ისინი ევროპის სასამართლოს მიმართავენ.
მუხაშავრია განმარტავს, რომ საქმეს განიხილავდნენ არაკვალიფიციური მოსამართლეები, არ ხდებოდა დაზარალებული მხარისთვის საქმის მასალების მიწოდება, პოლიციამ გამოიჩინა საქმის მიმართ გულგრილობა, ასევე მოკლული ანდრანიკ მელტონიანის ბიძა, აიკ მელტონიანი, რომელმაც იურისტის განმარტებით, სროლა თავდაცვის მიზნით განახორციელა, სასჯელს მკვლელობის მცდელობისთვის იხდის.
„მნიშვნელოვანი იყო ამოგვეკრიბა ამ საქმიდან ყველაზე მსხვილი და ამ ქვეყნისთვის ყველაზე ტიპიური და გამოუსწორებელი დარღვევები. ევროსასამართლოს მიმართ მოთხოვნა არის შემდეგი – დაადგინოს ევროკონვენციის მეორე მუხლის დარღვევა, დაადგინოს ევროკონვენციის მე-6(1) მუხლის დარღვევა, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა არასწორი და არაკვალიფიციური შემადგენლობის გამო უზენაეს სასამართლოში. დაადგინოს ევროკონვენციის მე-6(3დ პუნქტი) დარღვევა, რომელიც გულისხმობს მოწმეთა და დაზარალებულთა თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას სასამართლო განხილვის პროცესში და მეორე მუხლის დარღვევას მეთვრამეტე მუხლთან მიმართებით, როდესაც დარღვევას სარჩულად უდევს ფარული პოლიტიკური მოტივები, (აიკ მელტონიანის მიმართ)“, – აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია.
გავრცელებული ვერსიით, ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობა წალკაში 2016 წლის ივლისში, მელტონიანებისა და თამარიანების ოჯახებს შორის კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.