სალომე ზურაბიშვილმა 2006 წელს ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე ევროსასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი დასვა
სალომე ზურაბიშვილმა 2006 წელს ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე ევროსასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი დასვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2006 წელს ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი დასვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახლო მომავალში სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის დამატებითი ქმედითი მექანიზმის გამოყენების საკითხს განიხილავს. აღნიშნულის შესახებ სტრასბურგში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა ლინოს-ალექსანდრე სიცილიანომ მას შემდეგ განაცხადა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთი 2006 წელს ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებასა და კომპენსაციების გაცემის დაგვიანების შესახებ საკითხი დასვა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

„მინისტრთა კომიტეტს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, შემოიღოს დამატებითი მექანიზმი სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსასრულებლად. რუსეთი, სამწუხაროდ, ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებას აგვიანებს. მაგალითად, კვიპროსისა და თურქეთის შემთხვევა. უკვე არსებობს გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც არ არის გადახდილი კომპენსაციის თანხა“, – განაცხადა სასამართლოს პრეზიდენტმა.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინა წლებთან შედარებით, სასამართლოში საქართველოდან შესული საჩივრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და სხვა ქვეყნების უზენაეს სასამართლოებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. ევროპული სასამართლოს ქართველმა მოსამართლემ, ლადო ჭანტურიამ, რომელიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა, თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.

ლინოს-ალექსანდრე სიცილიანომ საქართველოს პრეზიდენტს სასამართლო დარბაზი დაათვალიერებინა და ხუთი ქართველი იურისტი წარუდგინა, რომლებიც სასამართლოში არიან დასაქმებულნი და მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ სასამართლოში შესული საჩივრების განხილვებისას.

დატოვე კომენტარი