მელიქიშვილის გამზირზე სროლას სავარაუდოდ წინ უძღოდა დაპირისპირება, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა
მელიქიშვილის გამზირზე სროლას სავარაუდოდ წინ უძღოდა დაპირისპირება, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე სროლას სავარაუდოდ წინ უძღოდა დაპირისპირება, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა.

ექიმის ინფორმაციით, ერთ მათგანს, რომელსაც ოპერაცია ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში ჩაუტარდა, ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით არ აქვს მიყენებული. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ ის მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტამდე დაჭრეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაჭრილი არის 2012 წელს მოკლული ავთანდილ ადუაშვილის ვაჟი გიორგი ადუაშვილი.

რაც შეეხება მეორე დაჭრილს, ის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. ექიმის განმარტებით, პაციენტს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული და დაზიანებულია მხოლოდ რბილი ქსოვილი. როგორც ექიმმა აღნიშნა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკას დღესვე დატოვებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაახლოებით 17:00 საათზე სროლის ხმა გაიგონეს ერთ-ერთი ავტომობილის მისამართით, საიდანაც მცირე მანძილის გავლის შემდეგ გადმოვიდა მოქალაქე და გაიქცა, ხოლო ამ ავტომობილმა გზა განაგრძო მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით, სადაც გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ვერაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მელიქიშვილის გამზირზე, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.