კონსტანტინე ჯორბენაძეს, რომელიც ვერაზე სროლის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს, ბრალი წარედგინა
კონსტანტინე ჯორბენაძეს, რომელიც ვერაზე სროლის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს, ბრალი წარედგინა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ადუაშვილის მეგობარს, კონსტანტინე ჯორბენაძეს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს, ბრალი წარუდგინეს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

როგორც ადვოკატი ამბობს, ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. კაკაბაძის თქმით, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

„კონსტანტინე ჯორბენაძეს ბრალი წაუყენეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით, რომელიც ასევე გახლავთ მძიმე კატეგორიის დანაშაული. ჩვენ ახლახანს გადმოგვეცა საქმეში არსებული აბსულუტურად ყველა მტკიცებულება. გავეცანით გამოკითხვის ოქმებს, ასევე ჩატარდა ბრალდებულის გამოკითხვა.

ბრალდებულმა გამოკითხვის დროს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს. მან დეტალურად მოყვა, თუ რა მოხდა იმ კონკრეტულ დღეს, რას აკეთებდა და როგორ მოხდა მისი საგამოძიებო ორგანოში დაკავება.

როგორც მისი ადვოკატი შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო, რომ ის გახლავთ უდანაშაულო. არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც მის ბრალეულობას ადასტურებს.

აქვე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდების მხარე სასამართლოში შევიდა პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, თუმცა ჩვენი პოზიცია განსხვავებულია. მიგვაჩნია, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ მას შეეფარდოს პატიმრობა. ხვალ მოვითხოვთ გირაოს, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან“,- განაცხადა ადვოკატმა.

კონსტანტინე ჯორბენაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. პროცესი საქალაქო სასამართლოში 12:30 საათზე გაიმართება.

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ ორი პირი დააკავა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ 1989 წელს დაბადებული გიორგი ადუაშვილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1986 წელს დაბადებული კონსტანტინე ჯორბენაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.