მელიქიშვილის გამზირის ნაწილზე ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტარას შევჩენკოს სკვერის მიმდებარედ ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, შეზღუდვა 15 ივლისის 22:00 საათიდან 20 ივლისის 10:00 საათამდე შემდეგ ლოტებზე: A255, A256, A257 და A258, ჯამში, 39 პარკირების ადგილზე იმოქმედებს.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მელიქიშვილის გამზირის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მთლიანად იცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, განახლდება წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება და დამონტაჟდება განათების ქსელი. მოეწყობა ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსე ზოლები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ურნები და გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის.