მელბურნში, თავდაცვის საერთაშორისო გამოფენაზე პოლიციასა და პროპალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას 24 პოლიციელი დაშავდა
მელბურნში, თავდაცვის საერთაშორისო გამოფენაზე პოლიციასა და პროპალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკების დროს 24 პოლიციელი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.
ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში, თავდაცვის საერთაშორისო გამოფენის პარალელურად, პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა.
გამოცემის ინფორმაციით, აქციაზე დაახლოებით 1 200 ადამიანი იმყოფებოდა. დემონსტრანტებს ხელში პალესტინის დროშები ეჭირათ და სკანდირებდნენ პროპალესტინურ ლოზუნგებს. ზოგიერთს ჰქონდა ბანერები წარწერით: „ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტა“. მედიის ცნობით, საპროტესტო აქცია ჯგუფ Students for Palestine-ის ორგანიზებული იყო.
„ჩვენ ვაპროტესტებთ, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვას, ვინც დაიღუპა იმ ტიპის იარაღებისგან, რომლებიც გამოფენაზეა წარმოდგენილი“, – აცხადებს Students for Palestine-ის კოორდინატორი ჯასმინ დაფი.
ვიქტორიის შტატის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, პოლიციელებს, რომლებიც გამოფენის მონაწილეების დაცვას ცდილობდნენ, ქვებსა და სითხით სავსე ბოთლებს ესროდნენ. მისივე თქმით, 24 პოლიციელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა და 33 ადამიანი დააკავეს სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის პოლიციელზე თავდასხმის, წინააღმდეგობის გაწევის ან ხელის შეშლის, ცეცხლის წაკიდებისა და გზების გადაკეტვისთვის.
პოლიციის თქმით, დემონსტრანტებმა ქუჩაში ცეცხლი დაანთეს და შეაფერხეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.