მეკობრეთა ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი მეკობრეთა ტყვეობიდან გათავისუფლებულ მეზღვაურებს და მათი ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
„მეკობრეების ტყვეობიდან გამოხსნილი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ. ვულოცავ ჩვენს მამაც მეზღვაურებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას, ვულოცავ მათ ოჯახებს. ხელისუფლება აგრძელებს მზრუნველობას ჩვენს მოქალაქეებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზღვაო სფერო იყოს მაქსიმალურად წარმატებული, პირველ რიგში, თითოეულ მეზღვაურზე ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეზღვაურებთან ერთად ამ სტრატეგიულ დარგს ახალ იმპულსს შევძენთ, კიდევ უფრო მეტად წარმატებულს გავხდით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მეზღვაურებთან შეხვედრაზე.
კაპიტნის მეორე და მესამე თანაშემწეები ნუკრი ბერიძე და გენადი ჩიტაძე მეკობრეებმა 2 მაისს ცენტრალურ აფრიკაში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს. მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 მაისს გაავრცელა.