მეხანძრე-მაშველებმა ლომისის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ჩარჩენილი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს
მეხანძრე-მაშველებმა ლომისის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ჩარჩენილი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე იმყოფებოდა მოქალაქე, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას. მამაკაცი ტაძრის მიმართულებით მოძრაობდა, თუმცა უამინდობის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ღამის განმავლობაში ღია ცის ქვეშ დარჩენა მოუწია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა. ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისკენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები გავიდნენ.
ზუსტი ადგილსამყოფელის დასადგენად, მოქალაქესთან სატელეფონო კავშირის დამყარება ვერ ხერხდებოდა. მიუხედავად ამისა, მაშველებმა შეძლეს შეუძლოდ მყოფი მოქალაქის დროულად პოვნა“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე, სოფელ მლეთაშია ჩამოყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.