მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული პოლონელი ტურისტი ომალოდან თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული პოლონელი ტურისტი ომალოდან თბილისში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.
„ომალოს მიმართულებით, უმოკლეს დროში გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების შემადგენლობით.
დაშავებული ქალი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლონელი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.