მეხანძრე-მაშველები სოფელ სქურის მიმდებარედ დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარედ, 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ დაკარგული მამაკაცის საძიებო სამუშაოებს.

უწყების ცნობით, სამაშველო-საძიებო ოპერაციაში ჩართულია 15-კაციანი ჯგუფი და დრონი.

„დღეს, საძიებო სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველებმა, ოჯახის წევრებთან ერთად, მთის ფერდის ის ნაწილი დაათვალიერეს, სადაც ფეხით გადაადგილება შეუძლებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 6 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა 61 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა.

სამაშველო-საძიებო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ ქოხში იპოვეს.

საძიებო სამუშაოებში, ასევე ჩართული იყო ექსპერტ-კრიმინალისტების კინოლოგიური სამსახურიც.

ამ დრომდე გრძელდება გაუჩინარებული 61 წლის მამაკაცის საძიებო სამუშაოები“,- აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.