ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ერთობლივი განცხადება მოამზადა.
განცხადება ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გაკეთდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ავტორები ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრულ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო შეჭრიდან 11 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და ხაზგასმით აღვნიშნავთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროებას გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემით.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სასწრაფოდ შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მისი ვალდებულებები, მათ შორის, გაიყვანოს საკუთარი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენ არ ვცნობთ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ჩატარებული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას, არც მათ შედეგებს ვაღიარებთ.
შეშფოთებული ვართ რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციებით, მათ შორის, ოკუპაციის არეალის გაფართოების მცდელობითა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების მიერ „საგუშაგოების“ მშენებლობით სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვრჩებით მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ სოფელ ატოცსა და გუგუტიანთკარში და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გრძელვადიანი დახურვით. ამ ქმედებებმა გამოიწვია ადგილზე არსებული მდგომარეობის დესტაბილიზაცია და მძიმედ იმოქმედა კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ახლახან ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება, რომელიც მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო სწრაფი და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, კიდევ ერთი ტრაგიკული ილუსტრაციაა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების მუდმივი შეზღუდვით გამოწვეული მძიმე შედეგებისა. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით სამხრეთ ოსეთის რეგიონში და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას.
შეშფოთებული ვართ 2019 წლის 24 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების დაკავებით და მისიის საქმიანობის ხელშემშლელ ნებისმიერ მცდელობას ვაფასებთ მის საწინააღმდეგო პროვოკაციად და უხეშ მცდელობად, რომელიც მიმართულია ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციისკენ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისადმი, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მისიისადმი საქართველოში, რომელსაც აქვს მანდატი, გაუწიოს მონიტორინგი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას და ხელი შუწყოს ადგილზე მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისი მანდატის შეუფერხებელი და სრული განხორციელების საშუალება, მათ შორის, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში წვდომის შესაძლებლობით“, – ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ განცხადების ავტორები მხარს უჭერენ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას თავიანთი წარმოშობის ადგილებში.
„ვეთანხმებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების 2019 წლის 28 აგვისტოს განცხადებას, რომლის თანახმად, გუგუტიანთკარში ახლად აღმართული ბარიერები აბრკოლებს იქ მცხოვრები ხალხის გადაადგილების თავისუფლებას, ხელს უშლის მათ ხეხილის ბაღებთან მიახლოებაში და საფრთხეს უქმნის მათ წვდომას სარწყავ წყალთან.
ჩვენ ვადასტურებთ ღრმა შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის გახშირებულ სამხედრო წვრთნებთან და ამ რეგიონების მილიტარიზაციასთან დაკავშირებით.
ჩვენ კვალავაც ღრმად შეშფოთებული ვრჩებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციითა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, მათ შორის, შეტყობინებებით წამების გამოყენებაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების დანგრევით, გადაადგილების თავისუფლების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლების უსაზღვრო შეზღუდვით. მხარს ვუჭერთ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას თავიანთი წარმოშობის ადგილებში. მოვუწოდებთ მათ, ვინც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, დაუშვან ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი წვდომა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეს, რომელიც თვითნებურად იყო დაკავებული აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე. ჩვენ ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, არ შეუქმნას დაბრკოლება დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას. ამ კონტექსტში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას აღნიშნული და სხვა საქმეების საფუძვლიანად გამოძიებისკენ და მართლმსაჯულების აღსრულებისკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მიერ გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია დაუსჯელობის აღკვეთა და ვითვალისწინებთ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის მიღებას საქართველოს მთავრობის მიერ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ და მნიშვნელოვან ფორმატს, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული მოუგვარებელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების გადასაჭრელად. აღვნიშნავთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 50-ე რაუნდი გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს. ვწუხვართ, რომ მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე ვერ ხერხდება პროგრესის მიღწევა, მათ შორის, ძალის არგამოყენების, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების საკითხებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ერთობლივი განცხადების ავტორები ერგნეთში IPRM-ების მონაწილეეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მოახდინონ შეხვედრების აღდგენა მექანიზმების ფუძემდებლური წესების სრული დაცვით.
„გამოვხატავთ მხარდაჭერას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებისადმი (IPRMs) და ხაზს ვუსვამთ მათ მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის გამწვავების პრევენციის, ასევე ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფაში. უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ გალსა და ერგნეთში IPRM-ების შეჩერებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ მონაწილეებს, დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მოახდინონ შეხვედრების აღდგენა მექანიზმების ფუძემდებლური წესების სრული დაცვით. მივესალმებით და ვეხმაურებით 6 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ისინი მოუწოდებენ IPRM-ების შეხვედრების დაუყოვნებლივ აღდგენას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ტექნიკური და საგანგებოდ დაგეგმილი შეხვედრები ემსახურება გარკვეულ მიზანს, თუმცა ისინი ვერ იქნება რეგულარული მექანიზმების (IPRMs) შემცვლელი.
მივესალმებით საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას და საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას ძალის არგამოყენების შესახებ და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, მოიქცეს ამგვარადვე, დაადასტუროს და შეასრულოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების ვალდებულება.
ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს მთავრობის დიალოგის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დაძაბულობის დეესკალაციისკენ საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით. აღვნიშნავთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც გაიმართა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და შუამდგომლობით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ავტორების თქმით, მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, დაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ყველას საკეთილდღეოდ.
„მშვიდობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისთვის, მოვუწოდებთ ყველა მხარეს ჩართულობისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთო-ს, განაგრძოს კიდევ უფრო აქტიური მუშაობა საქართველოსთან და სხვა მრავალმხრივ ორგანიზაციებთან ადგილზე ნდობის აღდგენის მექანიზმების ხელშესაწყობად. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს, განაგრძოს მუდმივი საბჭოს ინფორმირება ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე რეაგირებისას მიღწეული პროგრესის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ერთობლივი განცხადების ავტორები მოუწოდებენ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს, შეთანხმდნენ საქართველოში ეუთო-ს მრავალგანზომილებიანი მისიის აღდგენაზე.
„მოვუწოდებთ ეუთო-ს საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში ჩართულობისკენ. ვწუხვართ 2009 წელს საქართველოში ეუთო-ს მისიის დახურვის გამო და მოვუწოდებთ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს, შეთანხმდნენ საქართველოში ეუთო-ს მრავალგანზომილებიანი მისიის აღდგენაზე, რომელსაც ექნება მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ შეუზღუდავი მოქმედების საშუალება. მისიის აღდგენა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ეუთო-ს ჩართულობას როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში, ასევე ნდობის აღდგენის მექანიზმების განხორციელებაში. საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები გააგრძელებენ კონფლიქტზე და ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას, ზეწოლას რუსეთზე, რათა შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის ხელშეწყობას“, – აღნიშნულია ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში.