მეგის ქარდავას საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე - მეგის ქარდავა არაადეკვატური სახით შეურაცხყოფას მაყენებდა, მირტყამდა და იარაღი დამადო
მეგის ქარდავა შეურაცხყოფას მაყენებდა, რაზეც გავუწიე წინააღმდეგობა, აიღო იარაღი, დამადო კბილებთან, ძალით გამაღებინა პირი, რა დროსაც ჩამემტვრა კბილი, – ამის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მეგის ქარდავას საქმის განხილვაზე ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მოწმემ, ბელა როგავამ განაცხადა.
როგორც ბელა როგავამ აღნიშნა, მეგის ქარდავა მას აღიარებითი ჩვენების დაწერას სთხოვდა.
„მკითხა, რატომ არ ვაწერდი ხელს ბრალდებაზე. ვუთხარი, რომ ეს მე არ მეკუთვნოდა. როგორც მათ ჰქონდათ ინფორმაცია, დაკავებული ვიყავი მანქანის გატაცებასა და მძღოლის მძევლად აყვანაზე, ახლა არ დავაკონკრეტებ, ნაწილობრივ ვგრძნობ თავს დამნაშავედ ამ საკითხთან მიმართებაში და სასჯელიც მოხდილი მაქვს. მას ვუთხარი, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რაც ვიცოდი, მასზე შემეძლო მესაუბრა, რაზეც მან პასუხად გამარტყა, სილა გამაწნა სახეში. გავიდა ოთახიდან და დაახლოებით, 10 წუთში შემოვიდა არაადეკვატური სახით. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, წინ დამიჯდა და დამიწყო გინება, შეურაცხყოფები და ისევ დამარტყა. ვუთხარი, არ დაერტყა, რადგან ფეხმძიმედ ვიყავი. მას ეს არ აინტერესებდა და მისი პასუხი იყო: „არ მაინტერესებს, ფეხმძიმედ ხარ თუ არა, მოგკლავ. ახლა უნდა თქვა ყველაფერი სიმართლე და ამაზეც ხელს მოაწერ“, რაზეც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გავუწიე. რაც არ ვიცოდი, იმის იქით ვერაფერს ვეტყოდი. ის მეუბნებოდა, რომ თანამზრახველები დამესახელებინა. შემდეგ მეგის ქარდავამ უბრძანა, რომ ერქვანია გასულიყო ოთახიდან და დავეტოვებინე მარტო. მკითხა, რატომ არ ვაწერდი ხელს ამ ყველაფერს, ვუთხარი, რომ ჩვენება არ მეკუთვნოდა, რაზეც მან დამარტყა, სილა გამაწნა სახეში. დამიჯდა წინ, შეურაცხყოფას მაყენებდა და მერე ისევ დამარტყა, წინააღმდეგობა გავუწიე. მომქაჩა თმაზე, თავზე მოკიდა ხელი და კედელზე მიმარტყმევინა, კედელი აღმოჩნდა თაბაშირმუყაოსი. შემდეგ მე გავხდი ცუდად. დავინახე, რომ იქვე ბოთლით იყო წყალი, დააქცია, დაუძახა ერქვანია ჩურჩულით რაღაც. შემოიტანეს ერთჯერადი ჭიქით რაღაც. მივხვდი, რომ ეს არ იყო წყალი. გავუწიე წინააღმდეგობა, აიღო იარაღი, დამადო კბილებთან, ძალით გამაღებინა პირი, რა დროსაც ჩამემტვრა კბილი და კბილთან ერთად გადამაყლაპეს სითხე“, – განაცხადა როგავამ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მეგის ქარდავას საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.
საქართველოში 11 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. მისი უკრაინიდან ექსტრადიცია 2021 წლის 17 სექტემბერს განხორციელდა. მეგის ქარდავა 2006 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში ძალოვან უწყებებში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.