მეგის ქარდავას ადვოკატი ითხოვს, რომ, მტკიცებულებების სახით, საქმეს დაერთოს ბლინკენისა და დეგნანის განცხადებები, რომლებითაც დასტურდება, რომ ქარდავას მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება
მეგის ქარდავას ადვოკატი ითხოვს, რომ, მტკიცებულებების სახით, საქმეს დაერთოს ბლინკენისა და დეგნანის განცხადებები, რომლებითაც დასტურდება, რომ ქარდავას მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება

ბელა როგავას წამებაში ბრალდებულ მეგის ქარდავას საქმეზე დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა გაიმართა.

პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენა იტალიაში მყოფი ბელა როგავას დისტანციურად დაკითხვასთან დაკავშირებით, რასაც მეგის ქარდავა არ დაეთანხმა. მან განაცხადა, რომ დაზარალებული სასამართლო სხდომაზე უნდა წარდგეს, რადგან იმის გარანტია არ არსებობს, რომ დისტანციურად ნამდვილად ბელა როგავა ჩაერთვება.

„ჩემი მოთხოვნა თავიდანვე იყო, რომ მომხდარიყო ადგილზე აღნიშნული მტკიცებულების, ჩვენების გამოკვლევა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას, რაც მნიშვნელოვანია ობიექტურობის დასადგენად. ჩვენ არ ვიცით, სინამდვილეში ვინ ჩაერთვება, საიდან ჩაერთვება. იმის მტკიცებულებაც არ გვაქვს, დისტანციურად თუ ჩაერთვება, იქნება თუ არა ის აღნიშნული პიროვნება“, – განაცხადა ქარდავამ.

ქარდავას ადვოკატმა, ახალი მტკიცებულებების სახით, საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების განცხადებების საქმეზე დართვის შუამდგომლობა დააყენა.

როგორც გია გოროზიამ განაცხადა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, დევიდ კრამერისა და კელი დეგნანის განცხადებით დასტურდება დაცვის მხარის მტკიცება, რომ საქართველოში მეგის ქარდავას მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა.