მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები ითხოვენ, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბების მუხლებითაც დაიწყოს
ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდნენ, სადაც საქმის მასალებს გაეცნენ.
ადვოკატების თქმით, ორ თვეზე მეტია, სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.
მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატების განმარტებით, პროცესი ძალიან გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, ამ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის მუხლით ბრალი სამ პირს აქვს წარდგენილი, თუმცა ადვოკატების მტკიცებით, ცრუ ჩვენების გარდა, იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობა და სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტებიც.
ადვოკატები ითხოვენ, გამოძიება სწორედ ამ ორი მუხლით დაიწყოს.
„უპირველესად, ძალიან სამწუხაროა, რომ მეგის გარდაცვალებიდან ორ თვეზე მეტია გასული და ჯერ კიდევ არ არსებობს საქმეში სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. ეს იძლევა საშუალებას, რომ არსებობდეს უაზრო ჭორები საზოგადოებაში. მოვედით განყოფილებაში, რადგან საქმეს დაემატა ახალი მტკიცებულებები – ეს არის შპრიცები, რომლითაც მოხდა იმუნიზაცია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ვიოლეტა ინასარიძის მიმართ გამოძიება დაიწყოს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით. თუ გამოძიება ამ ნაბიჯის გადასადგმელად ელოდება სამხარაულის დასკვნას, ეს მხოლოდ ერთ-ერთი მტკიცებულებაა და ან მისცემს ამის საშუალებას, ან – არა. ამ წუთას საქმიდან უკვე არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი. გამოძიება ჯიუტად არ იწყებს მოქმედებას ამ მუხლით“, – განაცხადა ვახო ბარამაშვილმა.
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით 19 მარტს დაიწყო.
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულია ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორი ექიმი და ერთი ექთანი. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.