მედიის წარმომადგენლები პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ, ხოლო პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ
მედიის წარმომადგენლები პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ.
ამის შესახებ აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი ზურაბიშვილმა პირველ არხთან წაიკითხა.
გარდა ამისა, მიმართვის ავტორები პარლამენტს მოუწოდებენ, შესაბამის კანონში შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა.
ამასთან, მათივე თქმით, მამუკა ბერძენიშვილი არის სახელმწიფოს მიერ წარმოებული „ფაშისტური ნარკოპოლიტიკის მორიგი მსხვერპლი და მასთან ერთად ციხეში პირადი მოხმარებისთვის და მინიმალური დოზებისთვის 2000-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს“.
მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„გასული წლის 29 ივნისს, ჩვენი კოლეგა, პირველი არხის მონტაჟის ყოფილი რეჟისორი, მამუკა ბერძენიშვილი ორი გრამი კლუბური ნარკოტიკის, ე.წ. ემდეემას პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს და დაკავებიდან 9 თვის შემდეგ, 2018 წლის 21 მარტს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მიგვაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკა და შესაბამისი კანონები სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს. იმის ფონზე, რომ ადამიანები გაუპატიურებისთვის ციხეში 6-დან 8 წლამდე მიდიან, წამებისთვის 7-დან 10 წლამდე, მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე, ხოლო ნარკოტიკების გავრცელებისთვის შეიძლება, 6 წლით დაისაჯონ, მცირე ოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის, ან პირადი მოხმარებისთვის 8 წლით პატიმრობა სახელწიფოს მხრიდან აბსოლუტურად არაადეკვატური და არაადამიანური ნაბიჯია. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია კანონში დოზირებების განსაზღვრა, რათა ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა განსაკუთრებულად დიდ ოდენობად არ ითვლებოდეს.
ასევე, მიგვაჩნია, რომ ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, ხოლო პრობლემურ მომხმარებლებთან მიმართებაში სახელმწიფოს პოლიტიკა არა რეპრესიული, არამედ ზრუნვაზე ორიენტირებული უნდა იყოს. სამწუხაროდ, კანონებში ცვლილებების პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება და ადეკვატური კანონმდებლობის შემუშავება წლების განმავლობაში ვერ ხერხდება. ამასობაში კი, უსამართლოდ ათასობით ოჯახი უბედურდება. ამ წუთისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია, მოხდება თუ არა რაიმე ცვლილება ამ მიმართულებით. მამუკა ბერძენიშვილი არის სახელმწიფოს მიერ წარმოებული ფაშისტური ნარკოპოლიტიკის მორიგი მსხვერპლი და მასთან ერთად ციხეში პირადი მოხმარებისთვის და მინიმალური დოზებისთვის 2000-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს.
ვადასტურებთ, რომ მამუკა ბერძენიშვილი არის საკუთარი საქმის პროფესიონალი, უკონფლიქტო, დადებითი პიროვნება და მისი ადგილი პენიტენციარულ დაწესებულებაში ნამდვილად არ არის.
მამუკა ბერძენიშვილი საზოგადოებისთვის და არც ერთი ადამიანისთვის არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. მოვითხოვთ, პირველ რიგში პარლამენტისგან კანონში დაუყოვნებლივ ცვლილებებს და პრეზიდენტისგან მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებას, რათა ის დაუბრუნდეს თავის ოჯახსა და მეგობრებს“,- აღნიშნულია მიმართვაში.