მედიის ინფორმაციით, ჩინეთი ატლანტის ოკეანეში საზღვაო ბაზის მოწყობას გეგმავს
მედიის ინფორმაციით, ჩინეთი ატლანტის ოკეანეში საზღვაო ბაზის მოწყობას გეგმავს

ჩინეთი ატლანტის ოკეანის სივრცეში, ეკვატორულ გვინეაში საზღვაო ბაზის მოწყობას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ „ვოლ სთრით ჯორნალი“ აშშ-ის სადაზვერვო ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ცნობებით, იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ჩინეთის დეტალურ გეგმებს არ აღწერენ, ამბობენ, რომ აფრიკის კონტინენტზე, ატლანტის ოკეანის სივრცეში ჩინური სამხედრო ხომალდების არსებობა შეერთებული შტატებისთვის საფრთხეებს გაზრდის.

აშშ-ის აფრიკის სარდლობის მეთაურის, გენერალ სტივეტ თაუნსენდის აპრილში გაკეთებული განცხადებით, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ჩინეთის სამხედრო საზღვაო ობიექტი მნიშვნელოვანი საფრთხე იქნება ამერიკისთვის.

„ვსაუბრობ პორტზე, სადაც შესაძლებელი იქნება საბრძოლო მასალის გადაიარაღება და საზღვაო ხომალდების შეკეთება“, – განაცხადა აპრილში თაუნსენდმა.

გამოცემის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ბაიდენის მთავარი მრჩეველი ჯო ფაინერი ოქტომბერში ეკვატორულ გვინეაში გაემგზავრა, რათა ადგილობრივი პრეზიდენტი თეოდორო ობიანგ ნგუემა მბასოგო დაერწმუნებინა, რომ უარი თქვას ჩინეთის შეთავაზებულ წინადადებაზე, რომელიც სამხედრო ბაზის აგებას ეხება.