მედიის ინფორმაციით, წარმოშობით ჩეჩენი ისლამისტები გერმანიაში თავდასხმას ამზადებდნენ
გერმანული მედიის ცნობით, წარმოშობით ჩეჩენი ისლამისტები გერმანიაში თავდასხმას ამზადებდნენ. როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, დღეს გერმანიის დედაქალაქსა და კიდევ რამდენიმე რეგიონში ჩატარებულ რეიდებში 180-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. რეიდების შედეგად დაკავებულია სულ მცირე სამი პირი.
სამართალდამცველებმა ჩეჩენი წარმოშობის ისლამისტებთან დაკავშირებული შენობები გაჩხრიკეს. მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციელების ინტერესის ობიექტი იყო 20-დან 28 წლამდე ახალგაზრდები.
ჟურნალისტების ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონები. ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება მიიჩნევს, რომ ჩეჩენი წარმოშობის ახალგაზრდები თავდასხმისთვის ადგილს არჩევდნენ.
ჩხრეკის დროს ასევე ამოიღეს ცივი იარაღი, ნაღდი ფული და კომპიუტერის მეხსიერების ბარათები.
სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას პოლიცია მოგვიანებით გაავრცელებს.