მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული საოკუპაციო ჯარების ვერტმფრენი, „სუ-25“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი და მტრის სადესანტო „ილ-76“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში რუსული საოკუპაციო ჯარების ვერტმფრენი და „სუ-25“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობაზე დაყრდნობით იუწყება.
„დაახლოებით შუაღამისას გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში უკრაინის შეიარაღებული ძალების S-300-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემამ მტრის ორი საფრენი აპარატი – ვერტმფრენი და მოიერიშე „სუ-25“ ჩამოაგდო“, – ციტირებს საჰაერო სარდლობის ცნობებს „უნიანი“.
მანამდე, ვინიცას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ბორზოვმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული „სუ-25“ კალინოვკას მახლობლად ჩამოაგდეს.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ვასილკოვის რაიონში მტრის სადესანტო „ილ-76“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო.
„ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვასილკოვის რაიონში ჩამოაგდეს „ილ-76“, რომელშიც იყო მტრის დესანტი. ეს არის შურისძიება 2014 წლის ლუგანსკისთვის. სიკვდილი მტრებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობილია, რომ შუაღამით უკრაინულმა გამანადგურებელმა „სუ-27“-მა წარმატებით ჩამოაგდო მტრის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი „ილ-76“. არსებული ცნობებით, ახლა მძიმე ბრძოლები გრძელდება კიევის ოლქის ქალაქ ვასილკოვში, სადაც ოკუპანტები საჰაერო ძალების დაშვებას ცდილობენ.