თურქეთში ისრაელის ელჩმა, ირიტ ლილიანმა სხვა ისრაელელ დიპლომატებთან ერთად, თურქეთი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნულთან დაკავშირებით ისრაელის საელჩომ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ისრაელის უშიშროების ეროვნულმა საბჭომ ისრაელის მოქალაქეები თურქეთში მოგზაურობის შესახებ გააფრთხილა. საბჭოში განაცხადეს, რომ ისრაელის მოქალაქეები, შესაძლოა, „ღაზაში კონფლიქტით გაბრაზებული ადამიანების სამიზნეები გამხდარიყვნენ“. საბჭომ ასევე მოუწოდა თურქეთში მყოფ ისრაელის მოქალაქეებს, რაც შეიძლება მალე დაეტოვებინათ ტერიტორია.