მედიის ინფორმაციით, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში რუსეთისა და თურქეთის მორიგი ერთობლივი პატრულირება დაიწყო
მედიის ინფორმაციით, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში რუსეთისა და თურქეთის მორიგი ერთობლივი პატრულირება დაიწყო

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში რუსეთისა და თურქეთის მორიგი ერთობლივი პატრულირება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, ერთობლივი პატრულირება თურქეთის სასაზღვრო რეგიონში, კერძოდ აღმოსავლეთის მიმართულებით, ელ-ქამიშლის პუნქტთან ახლოს მიმდინარეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთობლივ პატრულირებაში 50-მდე რუსი და თურქი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოფიციალურმა ანკარამ რეგიონში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო.

ოპერაციის მიზანი სასაზღვრო ტერიტორიიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და რეგიონში ე.წ. უსაფრთხო ზონის ჩამოყალიბება იყო.

17 ოქტომბერს ვაშინგტონთან მოლაპარაკების საფუძველზე ანკარამ ოპერაცია ხუთი დღით შეაჩერა. ამ ხნის განმავლობაში ქურთ მებრძოლებს ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ.

რამდენიმე კვირის წინ კი, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს პირველმა პირებმა ამ საკითხთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სირიის ჩრდილოეთ ნაწილში რუსებისა და თურქების ერთობლივ პატრულირებას ითვალისწინებს.