მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში სამი მოქმედი მინისტრი ოპოზიციონერებთან დამარცხდა
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში სამი მოქმედი მინისტრი ოპოზიციონერებთან დამარცხდა. როგორც „ფრანს 24“ წერს, გარემოს დაცვის მინისტრი ამელი დე მონშალენი და საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების მინისტრი ჟიუსტინ ბენინი მემარცხენეთა კანდიდატებთან დამარცხდნენ. პრეზიდენტ მაკრონის თანაგუნდელ ჯანდაცვის მინისტრ ბრიჯიტ ბურგანიონს ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიის წევრმა აჯობა.
არჩევნებზე ასევე დამარცხდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი, რომელიც ამჟამად პრეზიდენტ მაკრონის პარტიის თავმჯდომარეა. საარჩვენო ბრძოლა წააგო ყოფილმა სპორტის მინისტრმა როქსანა მარასინეანუმ, რომელიც მემარცხენეთა კანდიდატ რაშელ კეკთან დამარცხდა. რაშელ კეკი ყოფილი დამლაგებელია, რომელიც „იბისის“ სასტუმროების ქსელის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს და გაფიცვებს ხელმძღვანელობდა.
არჩევნები წააგო საფრანგეთის ეროვნული კრების მოქმედმა თავმჯდომარე რიშარ ფერანმაც.
შეგახსენებთ, საფრანგეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მმართველმა კოალიციამ საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში უმრავლესობა დაკარგა. ეს ნიშნავს, რომ მას სხვა პარტიებთან მოუწევს შეთანხმება სასურველი რეფორმების გასატარებლად.