მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობა საპენსიო კანონპროექტის კენჭისყრის გარეშე დასამტკიცებლად საკონსტიტუციო ბერკეტის გამოყენებას გეგმავს
საფრანგეთის მთავრობა საპენსიო კანონპროექტის კენჭისყრის გარეშე დასამტკიცებლად საკონსტიტუციო ბერკეტის გამოყენებას გეგმავს. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელიზაბეთ ბორნმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობამ გამოიყენა სპეციალური საკონსტიტუციო უფლებამოსილება, რათა სადავო საპენსიო კანონპროექტი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღოს.
როგორც მედია იუწყება, გადაწყვეტილება კენჭისყრის დანიშვნამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღეს, რადგან მთავრობას არ ჰქონდა გარანტია იმისა, რომ კანონპროექტი ხმათა უმრავლესობას მიიღებდა ეროვნულ ასამბლეაში, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში.
კანონპროექტი საპენსიო ასაკს 62 წლიდან 64 წლამდე გაზრდის და ეს არის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მეორე ვადის მთავარი კანონმდებლობა. გეგმამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი გაფიცვები და პროტესტი გამოიწვია. როგორც მედია წერს, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გამოიწვევს მაკრონის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების სწრაფ პროცედურას. კანონმდებლობა პარლამენტის ზედა პალატამ უკვე მიიღო. კონსტიტუციის 49.3 მუხლი საფრანგეთის მთავრობას უფლებას აძლევს, მიიღოს კანონპროექტი განკარგულებით.