მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა
საფრანგეთის ქალაქ არასში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლული ფრანგული ენის პედაგოგია, ხოლო დაშავებულებიდან ერთ-ერთი ფიზიკური აღზრდის მასწავლებელია.
თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. როგორც მედია წერს, ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა. თვითმხილველების თქმით, თავდასხმის დროს ის ყვიროდა – „ალაჰ აკბარ“. გავრცელებული ცნობით, დაკავებულია თავდამსხმელის ძმაც.
საფრანგეთის ანტიტერორისტული პროკურატურის ცნობით, გამოძიება ტერორიზმთან შესაძლო კვალიფიკაციის კუთხით დაიწყო. როგორც მედია იუწყება, თავდასხმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის გამო, საფრანგეთის დიდ მუსულმანურ და ებრაულ თემებში დაძაბულობის ფონზე მოხდა, თუმცა პოლიციამ განაცხადა, რომ არაფერი მიუთითებს ახლო აღმოსავლეთთან კავშირზე. პოლიციის ცნობით, თავმდამსხმელი 20 წლისაა და ის წარმოშობით ჩეჩენია.