მედიის ინფორმაციით, „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში მძიმედ დაჭრეს
„როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში მძიმედ დაჭრეს. მედიის ცნობით, მას საარტილერიო დაბომბვის დროს ჭურვის ნამსხვრევი ხერხემალში მოხვდა.
„როგოზინი თავის მდგომარეობას დამაკმაყოფილებელს უწოდებს. ექიმების გადაწყვეტილებით, ხერხემალში მოხვედრილი ნამსხვრევის ამოღება არ მოხდება“, – განაცხადა როგოზინის თანაშემწემ.
როგოზინი ნოემბრის შემდეგ მეთაურობს სამხედრო მრჩევლების ჯგუფს – „სამეფო მგლები“, რომლებიც დონბასში სეპარატისტების ქვედანაყოფებს სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ. ის 21 დეკემბერს ოკუპირებულ დონეცკში სასტუმროსა და რესტორნის დაბომბვის დროს დაიჭრა, სადაც დაბადების დღეს აღნიშნავდა. მომხდარის შესახებ როგოზინმა „ტელეგრამის“ არხზე თავად დაწერა.
„ვიღაცამ ინფორმაცია მიაწოდა უკრაინელებს და რამდენიმე მაღალი სიზუსტის დარტყმა განახორციელეს. მათ შორის იმ ადგილას, სადაც უშუალოდ ვიმყოფებოდით. 120 და 155 მილიმეტრიანი შეიარაღებიდან ისროდნენ“,- წერს როგოზინი.
მასთან ერთად დაიჭრა ოკუპირებულ დონეცკში რუსეთის მიერ ე.წ. პრემიერ-მინისტრად დანიშნული ვიტალი ხოცენკოც. როგორც იუწყებიან, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ამასთან, დაბომბვის ადგილზე მყოფი რუსი დეპუტატი ალექსეი ჟურავლიოვი ერთი დაღუპულის შესახებ იუწყება, ხოლო სეპარატისტები ორი გარდაცვლილის შესახებ იტყობინებიან.