იტალიაში ყველა პროფესიის ადამიანი ვალდებული იქნება, სამსახურში კოვიდსერტიფიკატი წარადგინოს
იტალიაში ყველა პროფესიის ადამიანი ვალდებული იქნება, სამსახურში გამოცხადებისას კოვიდსერტიფიკატი წარადგინოს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
როგორც ვარაუდობენ, შესაბამის გადაწყვეტილებას იტალიის მთავრობა დღეს მიიღებს. ახალი წესი 15 ოქტომბრიდან შევა ძალაში. ამ რეგულაციის მიხედვით, ყველა სახელმიწიფო და კერძო კომპანიის თანამშრომლებს სამსახურში გამოცხადებისას ე.წ. მწვანე სერტიფიკატის წარდგენა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ 400-დან 1 000 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
დასაქმებული ხუთი დღის განმავლობაში სამსახურში თუ არ გამოცხადდება და შესაბამის მიზეზს ვერ დაასახელებს, დამსაქმებელს ექნება უფლება, შეაჩეროს თანამშრომლის სამუშაო კონტრაქტი.
იტალიის მთავრობაში აცხადებენ, რომ მკაცრი ნაბიჯი ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისკენ არის მიმართული. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რთული მოლაპარაკებების პროცესი, რა დროსაც კოვიდსერტიფიკატების ვალდებულების შემოღების წინააღმდეგ არაერთი ბიზენსორგანიზაცია გამოდიოდა, თუმცა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პოზიცია არ შეცვალა.
შეგახსენებთ, პირველი სექტემბრიდან კოვიდსერტიფიკატის წარდგენა იტალიაში სავალდებულოა შიდა ავიარეისების, მატარებლების, ავტობუსებისა და ბორანის მგზავრებისთვის, ასევე სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებისთვის.