მედიის ინფორმაციით, ფინეთი რუსეთის საზღვართან ოთხ გამშვებ პუნქტს ხურავს
მედიის ინფორმაციით, ფინეთი რუსეთის საზღვართან ოთხ გამშვებ პუნქტს ხურავს. 18 ნოემბრიდან დაიხურება ვაალიმაას, ნუიიამაას, იმატრასა და ნიიტალას სასაზღვრო გამშვები პუნქტები და ეს შეზღუდვა 2024 წლის 18 თებერვლამდე დარჩება ძალაში.
ფინეთსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარზე სულ ცხრა გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს და დარჩენილი საგუშაგოები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.
როგორც მედია წერს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი მესამე ქვეყნებიდან მიგრანტების შედინებაა.
ფინეთის სასაზღვრო დაცვის მეთაურის მოადგილემ, ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა ჯუკა ლუკარიმ ფინურ მედიას განუმარტა, რომ პუნქტები დაიხურება საზღვრის კვეთის მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის გამო. მისივე თქმით, განსაკუთრებით ბევრი ადამიანი ცდილობს რუსეთიდან ფინეთში შესვლას საჭირო საბუთების გარეშე.
მანამდე ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა, რომ რუსეთის ქცევა გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას ჰგავს.
„რუსეთმა შეცვალა თავისი ქცევა და ამ ადამიანებს საზღვრის გადაკვეთის უფლებას აძლევს დოკუმენტების გარეშე. ეს ძალიან გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას ჰგავს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ.