ფინეთის პრემიერ-მინისტრი - კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული ყველა სახის საფრთხისთვის, რომელიც რუსეთიდან მოდის, შესაძლოა, ისინი ჩვენს გამოცდას ცდილობენ
ფინეთის პრემიერ-მინისტრი - კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული ყველა სახის საფრთხისთვის, რომელიც რუსეთიდან მოდის, შესაძლოა, ისინი ჩვენს გამოცდას ცდილობენ

ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო აცხადებს, რომ რუსეთი, შესაძლოა, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს დასავლეთ საზღვარზე გამოცდას უწყობს.

აღნიშნული განცხადება პეტერი ორპომ რუსი მესაზღვრეების მიერ მდინარე ნარვიდან საზღვრის სადემარკაციო მანათობელი ტივტივების მოხსნასთან დაკავშირებით გააკეთა.

„შესაძლოა, ისინი ჩვენს გამოცდას ცდილობენ, მაგრამ ეს არ ვიცით. ჩვენ კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული ყველა სახის საფრთხისთვის, რომელიც რუსეთიდან მოდის“, – განაცხადა პეტერი ორპომ.

ესტონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, რუსმა მესაზღვრეებმა მდინარე ნარვიდან 20-მდე ტივტივა მოხსნეს, რომლებიც მდინარეში ტერიტორიულ წყლებს მიჯნავდა. ესტონეთთან საერთო საზღვარზე, მდინარე ნარვიდან საზღვრის სადემარკაციო მანათობელი ტივტივების მოხსნასთან დაკავშირებით ევროკავშირი რუსეთისგან განმარტებებს მოითხოვს. ინციდენტის გამო ესტონეთში რუსეთის დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.