ესტონეთთან საერთო საზღვარზე, მდინარე ნარვიდან საზღვრის სადემარკაციო მანათობელი ტივტივების მოხსნასთან დაკავშირებით ევროკავშირი რუსეთისგან განმარტებებს მოითხოვს
ესტონეთთან საერთო საზღვარზე, მდინარე ნარვიდან საზღვრის სადემარკაციო მანათობელი ტივტივების მოხსნასთან დაკავშირებით ევროკავშირი რუსეთისგან განმარტებებს მოითხოვს

ევროკავშირი ესტონეთთან საერთო საზღვარზე, მდინარე ნარვიდან საზღვრის სადემარკაციო მანათობელი ტივტივების მოხსნასთან დაკავშირებით რუსეთისგან განმარტებებს მოითხოვს.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი განცხადებაში აღნიშნული ტივტების უკან დაბრუნებას მოითხოვს.

ბორელის თქმით, რუსმა მესაზღვრეებმა მანათობელი ტივტივები ხუთშაბათს დილით მოხსნეს.

„ეს სასაზღვრო ინციდენტი უფრო ფართო პროვოკაციული ქმედებისა და რუსეთის ჰიბრიდული ქმდებების სქემის ნაწილია, მათ შორის, ბალტიის ზღვის რეგიონში, მის საზღვაო და სახმელეთო საზღვრებზე. ასეთი ქმედებები დაუშვებელია. ევროკავშირს რუსეთისგან განმარტება სურს ტივტივების მოხსნასთან დაკავშირებით და მათ დაუყონებლივ დაბრუნებას მოითხოვს“, – აღნიშნავს ბორელი.

ესტონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, რუსმა მესაზღვრეებმა მდინარიდან 20-მდე ტივტივა მოხსნეს, რომლებიც მდინარეში ტერიტორიულ წყლებს მიჯნავდა. ინციდენტის გამო ესტონეთში რუსეთის დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.