მედიის ინფორმაციით, ევროკომისიას სურს, აიკრძალოს არომატიზებული ე.წ. გახურებადი თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა
ევროპულმა კომისიამ განაცხადა, რომ მას სურს, აიკრძალოს ყველა არომატიზებული ე.წ. გახურებადი თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა, როგორც მისი მიზნის ნაწილი, რომლის მიხედვით 2040 წლისთვის ევროპულ გაერთიანებაში თამბაქოს მოხმარება ხუთ პროცენტამდე უნდა შემცირდეს, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ იტყობინება.
არსებული ცნობებით, ევროპაში ე.წ. გახურებადი თამბაქოს ნაწარმის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაყიდვების მზარდი მაჩვენებლები და ის ფაქტი, რომ ეს პროდუქტები ახლა თამბაქოს ნაწარმის მთლიანი გაყიდვების 2.5 პროცენტს აღემატება, ევროკავშირის მოქმედების პირობებს აკმაყოფილებს.
ამ ტიპის „გახურებადი“ თამბაქოს ნაწარმი ადამიანებს აძლევს საშუალებას, მოწიონ სიგარეტი უფრო დაბალ ტემპერატურაზე, ვიდრე ეს ჩვეულებრივი სიგარეტის შემთხვევაშია, რაც ამცირებს ტოქსინების დონეს მათ წვასთან შედარებით. როგორც მედია წერს, ამის მიუხედავად, ამ ტიპის პროდუქტს აქვს ჯანმრთელობის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია თამბაქოს და ნიკოტინის მოხმარებასთან და სხვა ქიმიკატებთან, რომლებიც კიბოს გამომწვევია.
„ფილტვის კიბოს 10 შემთხვევიდან 9 თამბაქოს მიერაა გამოწვეული და ჩვენ გვინდა, რომ მოწევა არამიმზიდველი გავხადოთ, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და გადავარჩინოთ სიცოცხლეები“, – განაცხადა ჯანდაცვის კომისარმა სტელა კირიაკიდესმა.
როგორც ევროპის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის გეგმის ნაწილი, ევროკავშირს სურს, 2040 წლისთვის თამბაქოს მოხმარება 5 პროცენტამდე ან უფრო მეტად შეამციროს.
„თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით უფრო ძლიერი ქმედებები, უფრო მკაცრი აღსრულება და ახალ მოვლენებთან ტემპის დაცვა, ბაზარზე შემოსული ახალი პროდუქტების გაუთავებელი ნაკადის გამოსასწორებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დასაცავად“, – დაამატა კირიაკიდესმა.