მედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე შესაძლოა, ემბარგოს დაწესება გადადოს
რუსულ ნავთობზე იმპორტის სასანქციო გეგმებზე ევროკავშირის ქვეყნები სავარაუდოდ კომპრომისზე მუშაობენ, რათა იპოვონ გზა, მიიღონ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერა, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ დიპლომატებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემა წერს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში უნგრელმა ლიდერმა დაბლოკა შეთანხმება რუსული ნედლი ნავთობისა და რაფინირებული საწვავის იმპორტის აკრძალვის შესახებ იმ მოტივით, რომ ასეთი ქმედება მძიმე დარტყმას მიაყენებს უნგრეთის ეკონომიკას.
არსებული ცნობებით, ახლა დიპლომატები განიხილავენ ვარიანტს, რომელიც შეამსუბუქებს თავდაპირველ წინადადებას რუსული ნავთობის ყოველგვარი იმპორტის სრული აკრძალვის თაობაზე და ამის ნაცვლად, დროებით მაინც, მხოლოდ საზღვაო ხომალდებით მიწოდებულ მარაგებზე გამახვილდება ყურადღება. ეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე უნგრეთს მისცემს საშუალებას, განაგრძოს რუსული ნედლი ნავთობის ყიდვა მილსადენებით.
როგორც გამოცემა წერს, ზოგიერთი დიპლომატის თქმით, ნებისმიერი კომპრომისული გეგმა დეტალებზე იქნება დამოკიდებული და ნებისმიერი გამონაკლისი უნდა იყოს, „რაც შეიძლება ვიწრო და ზუსტი“ შეთანხმების მისაღებად. ამ მიმართულებით, სანავთობე ემბარგოდან მილსადენების „გათავისუფლება“ ნიშნავს, რომ მცირე რაოდენობის წევრი-ქვეყნები „აიღებენ საკუთარ თავზე ენერგეტიკული სანქციების ზემოქმედების სიმძიმეს“.
ამ საკითხზე გამოცემა „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ევროკავშირის შეთავაზებაა, რომ მოხდეს რუსეთიდან საზღვაო გზით ნავთობის იმპორტის შეზღუდვა, ხოლო მილსადენების გამოყენებით ენერგოპროდუქტების იმპორტს ჯერჯერობით ცვლილებები არ შეეხოს, რათა მოხდეს უნგრეთის წინააღმდეგობის დაძლევა.