მედიის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კვლავ აღენიშნება, ამიტომ იზოლაციაში რჩება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.
„გასულ დღეებთან შედარებით, დღეს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხდა პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ჟინ კრისტოფერ პეროშონმა.
ელისეის სასახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი მუშაობას თვითიზოლაციიდან განაგრძობს. ემანუელ მაკრონმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ მობილურით გადაღებული ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც მაკრონი ამბობს, რომ მოსახლეობა ფხიზლად უნდა იყოს, რადგან ვირუსი კვლავ ძლიერდება.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 2 529 756 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 60 665 პაციენტი გარდაიცვალა.