მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტებზე თავდასხმის ბრალდებით ემანუელ მაკრონის პირად მცველს სამწლიანი პატიმრობა შეუფარდეს
ორ დემონსტრანტზე თავდასხმის ბრალდებით, საფრანგეთის სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პირად მცველს სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ალექსანდრე ბენალას ორწლიანი პირობითი პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს, ერთი წლის განმავლობაში კი ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. მანამდე ბენალა ნასამართლევი იყო დოკუმენტების გაყალბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის.
მაკრონის ყოფილი პირადი მცველი 2018 წელს ანტიკაპიტალისტურ აქციაზე ორ ახალგაზრდა დემონსტრანტს დაესხა თავს. გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც ჩანს, რომ ალექსანდრე ბენალა ახალგაზრდა მამაკაცს ურტყამს, ახალგაზრდა ქალს კი ყელში ჰკიდებს ხელს, ემანუელ მაკრონი იძულებული გახდა, ბენალა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინციდენტის დაფარვაში სდებდნენ ბრალს. ინციდენტიდან ორი თვის შემდეგ ფრანგულმა გამოცემა, „მონდმა“ ვიდეო გაავრცელა. ფრანგმა გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ალექსანდრე ბენალა აგრძელებდა დიპლომატიური პასპორტების გამოყენებას აფრიკასა და ისრაელში მოგზაურობისთვის, სადაც საკონსულტაციო ბიზნესის შექმნას ცდილობდა.