მედიის ინფორმაციით, დაღესტანში კორონავირუსით 29 ადამიანია გარდაცვლილი, არაჰოსპიტალური პნევმონიით კი - 657
მედიის ინფორმაციით, დაღესტანში კორონავირუსით 29 ადამიანია გარდაცვლილი, არაჰოსპიტალური პნევმონიით კი - 657

დაღესტანში დადასტურებული კორონავირუსით გარდაცვლილია 29 ადამიანი, ხოლო არაჰოსპიტალური პნევმონიით – 657.

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ დაღესტნის ჯანდაცვის მინისტრმა ჯამალუდინ გაჯიიბრაგიმოვმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილებს შორის 40 ექიმია.

როგორც გაჯიიბრაგიმოვმა ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, სულ რესპუბლიკაში კორონავირუსით და არაჰოსპიტალური პნევმონიით 13 697 ადამიანი დაავადდა.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სტატისტიკით, დაღესტანში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 3 280 შემთხვევა, საიდანაც 1527 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა.

ორმაგ სტატისტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სტატისტიკის წარმოება ლაბორატორიული კვლევებით, დადასტურებული შემთხვევებით ხდება.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პნევმონიითა და კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს ერთნაირად მკურნალობენ.

მისი თქმით, მათ შორის არანაირი განსხვავება არ არის.

„ეს პაციენტები მიჰყავთ ერთი და იგივე მეთოდოლოგიური მითითებებით. თუმცა, რადგან დადასტურების შესახებ ლაბორატორიული მონაცემები არ გვაქვს, სტატისტიკას ამგვარად ვაწარმოებთ“, – განაცხადა დაღესტნის ჯანდაცვის მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრ ბეგლოვმა განაცხადა, რომ 1 მარტის შემდეგ ქალაქში არაჰოსპიტალური პნევმონიით 694 ადამიანი გარდაიცვალა.

მისი თქმით, სანქტ-პეტერბურგში 2020 წელს პნევმონიით დაავადების დონე საშუალო მაჩვენებელს რამდენჯერმე აღემატება.