მედიის ინფორმაციით, ბრაზილიაში, ბაიას შტატში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
ბრაზილიის ბაიას შტატში მასშტაბურ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. მედია ადგილობრივ სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ წყალდიდობის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაკარგულად ითვლება. ამასთან, 35 000-ზე მეტი ადამიანი სტიქიის ზონიდან გაიყვანეს.
გადაუღებელი წვიმით გამოწვეული წყალდიდობების შედეგად ნოემბრიდან მოყოლებული მსხვერპლის რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, 286 ადამიანი კი დაშავდა. სტიქიის შედეგად საერთო ჯამში 430 000-ზე მეტი ადამიანია დაზარალებული.
ბაიას შტატში ადიდებულმა მდინარეებმა ორი კაშხალი გადალახა. „მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა ბაიას შტატის უახლოეს ისტორიაში არ მახსოვს. წყლის ქვეშ მოქცეული ქუჩების, სახლებისა და ქალაქების ხილვა მართლაც შემზარავია“, – განაცხადა ბაიას შტატის გუბერნატორმა რუი კოშტამ.