მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის უსაფრთხოების, ასევე სასაზღვრო სამსახურების უფროსების შეხვედრა გაიმართა
აზერბაიჯანისა და სომხეთის უსაფრთხოების სამსახურების, ასევე სასაზღვრო სამსახურების უფროსების შეხვედრაზე სასაზღვრო ინციდენტების გამოძიების საკითხი განიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა აგრეთვე იყო ტყვეების გაცვლისა და საბრძოლო მოქმედებების ზონაში ცხედრების დაკრძალვის ადგილის დადგენის საკითხი.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უგზოუ-უკვლოდ დაკარგულებთან დაკავშირებული საკითხები.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს 8 იანვარსაც, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის მონაკვეთის ნეიტრალურ ზონაში, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.