მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებამ ვენესუელის სანავთობო სექტორის წინააღმდეგ სანქციები მნიშვნელოვნად შეამსუბუქა
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებამ ვენესუელის სანავთობო სექტორის წინააღმდეგ სანქციები მნიშვნელოვნად შეამსუბუქა

აშშ-ის ხელისუფლებამ ვენესუელის სანავთობო სექტორის წინააღმდეგ სანქციები მნიშვნელოვნად შეამსუბუქა. ეს ნაბიჯი ბაიდენის ადმინისტრაციამ ვენესუელის მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების საპასუხოდ გადადგა.

კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გაცემული ახალი ლიცენზია უფლებას აძლევს ოპეკის წევრ ვენესუელას, რომელიც 2019 წლიდან მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება, აწარმოოს ნავთობი და ექვსი თვის განმავლობაში შეუზღუდავად გაიტანოს ექსპორტზე, მის მიერ არჩეულ ბაზრებზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიესალმა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხრიდან საარჩევნოდ დათმობებზე წასვლას, თუმცა აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა მას ნოემბრის ბოლომდე მისცა ვადა ოპოზიციონერი პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის შეზღუდვების მოხსნისთვის და პოლიტიკური პატიმრების, ასევე არამართლზომიერად დაკავებული ამერიკელების გათავისუფლების დასაწყებად.

ამასთან, „როიტერთან“ საუბარში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ სანქციების შემსუბუქება გაუქმდება, თუ მადურო აღნიშნულ ქმედებებს არ შეასრულებს.

მადუროს მთავრობამ და ოპოზიციამ საარჩევნო გარანტიებზე შეთანხმებას ბარბადოსში სამშაბათს მიაღწია. შეთანხმების თანახმად, არჩევნები 2024 წლის მეორე ნახევარში საერთაშორისო დაკვირვებით გაიმართება, თუმცა ხელისუფლება არ დათანხმდა ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის თანამდებობების დაკავების შეზღუდვის მოხსნას. ამგვარად, სანქციების შემსუბუქებით ვენესუელის კარი გაიხსნება ათობით ნავთობკომპანიისთვის, რომლებმაც ვენესუელაში საქმიანობა შეაჩერა ან შეამცირა. აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები 2018 წლის არჩევნების შემდეგ დაუწესა, რომლებიც ვაშინგტონმა და დასავლურმა მთავრობებმა გაყალბებულად შეაფასეს. 2019 წლიდან აშშ-ის სანქციებით ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიას ნავთობის ექსპორტი ეკრძალება.