მედიის ინფორმაციით, ამსტერდამის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „სკვითური ოქრო“ უკრაინას დაუბრუნდება
ამსტერდამის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „სკვითური ოქრო“ უკრაინას დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ უკრაინის ეროვნული კულტურული ინტერესები აღემატება ყირიმის მუზეუმების ინტერესებს. გადაწყვეტილების მიხედვით, ალარდ პირსონის მუზეუმი არ არის ვალდებული, სამუზეუმო ექსპონატები ყირიმის მუზეუმებს დაუბრუნოს, რადგან უკრაინული კანონის მიხედვით, მუზეუმების შესახებ უკრაინის, როგორც სახელმწიფოს უფლებები, უზენაესია.
ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვლადიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ყოველთვის იბრუნებს თავისას, ჯერ დაიბრუნებს „სკვითურ ოქროს“, შემდეგ კი ყირიმს.
დავის საგანს წარმოადგენდა ტავრიდას ცენტრალური მუზეუმის, ასევე ქერჩის, ხერსონის და ბახჩისარაის ისტორიულ-კულტურული ნაკრძალების 565 სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც 2014 წლის თებერვალში უკრაინიდან ნიდერლანდებში, ალარდ პირსონის მუზეუმში გამოფენაზე ჩაიტანეს.
რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპირების შემდეგ, ნიდერლანდების მხარემ უარი განაცხადა ექსპონატების ყირიმის მუზეუმებისთის დაბრუნებაზე და განაცხადა, რომ სამუზეუმო ნივთები გამოფენისთვის უკრაინამ გადასცა. 2016 წელს ამსტერდამის ქვედა ინსტანციის სასამართლომ პირსონის მუზეუმს ექსპონატების უკრაინის მთავრობისთვის გადაცემა დაავალა, რაც რუსეთმა გაასაჩივრა. 2019 წელს სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რუსეთის საჩივარი და გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. რუსეთის ფედერაცია „სკვითური ოქროს“ რუსეთის საკუთრებაში გადაცემას ითხოვდა. 2020 წელს ამსტერდამის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინის საჩივარი მოსამართლის შეცვლის თაობაზე, რადგან არსებობდა ეჭვები მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ამსტერდამის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი დადგენილება ახალმა მოსამართლემ, პაულინ ჰოფმეირ-რუტენმა გამოიტანა.