მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ სურს, აშშ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას შეუერთდეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ მას სურს, შეერთებული შტატები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას შეუერთდეს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მედიის ცნობით, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ ამ წინადადებას განიხილავს. გარდა ამისა, საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატო-ში თუ გაწევრიანდება, ალიანსი ბევრად გაძლიერდება.
„ნატო-ს ჩვენი მიღება არ სურს. ვფიქრობ, ეს შეცდომაა, რადგან ნატო-ში რომ შევიდეთ, ალიანსს ბევრად გავაძლიერებდით. ჩვენ სუსტი სახელმწიფო არ ვართ. ჩვენ არ ვთავაზობთ ჩვენს გაძლიერებას ნატო-ს ქვეყნების ხარჯზე, ჩვენ ვართ დამატებითი, მამოძრავებელი ძალა. ვფიქრობ, უკრაინა ევროპის კონტინენტის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
აქვე ზელენსკიმ დაამატა, რომ თუ უკრაინას ნატო-ში არ მიიღებენ, მაშინ წევრი სახელმწიფოები მას მძიმე შეიარაღებით უნდა დაეხმარონ.
„უბრალოდ მოგვეცით რაკეტები, მოგვეცით თვითმფრინავები. თქვენ ვერ გადმოგვცემთ F-18-ებს, ან F-19-ებს, მაგრამ მოგვეცით ძველი საბჭოთა თვითმფრინავები. მომეცით რაიმე, რითაც ჩემი ქვეყნის დაცვა შემიძლია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.