რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთს ეწვევა.
ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც მედია წერს, პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ, შესაძლოა, ეს პუტინის პირველი ვიზიტი იყოს ქვეყნის გარეთ.
„როიტერს“ კიდევ ერთმა წყარომ განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტი მაისის მეორე ნახევარში შედგება.
ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ კრემლში, სადაც „როიტერს“ განუცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინის ვიზიტების შესახებ ინფორმაცია გამგზავრების თარიღის მოახლოებასთან ერთად გავრცელდება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გუშინ „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია მაისის დასაწყისში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის საფრანგეთში ვიზიტის შესახებ. „პოლიტიკო“ რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ სი ძინპინი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.
როგორც ოფიციალურმა პირებმა „პოლიტიკოს“ განუცხადეს, ჩინეთი ცდილობს, დაარწმუნოს ევროპა, დაუშვას, რომ რუსეთი დაჯდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან, პოტენციურად, შვეიცარიაში.