მედიის ცნობით, უკრაინული და რუსული მხარეები ქალაქ ბახმუტთან წინ წაწევის შესახებ იუწყებიან
მედიის ცნობით, უკრაინული და რუსული მხარეები ქალაქ ბახმუტთან წინ წაწევის შესახებ იუწყებიან. როგორც „ბიბისი“ წერს, უკრაინის სამხედრო ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელი სერგეი ჩერევატი აცხადებს, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბოლო 24 საათში ფრონტის ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე 150-1700 მეტრით წაიწიეს წინ.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვედანაყოფებს არ აქვთ პირად შემადგენლობაში, საბრძოლო მასალასა და ტექნიკაში უპირატესობა, ისინი მაინც განაგრძობენ წინსვლას ფლანგებზე. მანძილი, რომლის გავლა მოხერხდა ბოლო დღე-ღამეში 150-დან 1 700 მეტრამდეა“, – განაცხადა ჩერევატიმ.
თავის მხრივ, ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ განცხადება გააკეთა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურმა, ევგენი პრიგოჟინმაც.
„საჯაროდ მივმართავ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უმაღელს ხელმძღვანელობას, რადგან ისინი წერილებს არ კითხულობენ: ვალერი ვასილევიჩ გერასიმოვ, სერგეი კუჟუგეტივიჩ შოიგუ, ძალიან გთხოვთ, ნუ დათმობთ ფლანგებს, არ დათმოთ დასახლებული პუნქტები საკო და ვანცეტი, კიდევ რამდენიმე დღე მიაწექით, გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენზეა დამოკიდებული, რომ ფლანგები არ იშლებოდეს“, – აღნიშნა პრიგოჟინმა.
ამასთან, გუშინ საღამოს პრიგოჟინი იუწყებოდა, რომ მისმა დაქირავებულმა მებრძოლებმა ბახმუტში 260 მეტრით წაიწიეს წინ. მან ისევ დაადანაშაულა რუსული ქვედანაყოფები ფლანგების დატოვებაში, მაგრამ პირობა დადო, რომ ბახმუტს აიღებენ.