მედიის ცნობით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული
მედიის ცნობით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. გავრცელებული ცნობით, ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის საჰაერო ძალების ოთხი ბომბდამშენი აფრინდა. პარალელურად კი, რუსეთმა აზოვისა და შავ ზღვებში ხუთი საბრძოლო გემი შეიყვანა.

ამასთან, მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები 10 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმია მობილიზებულია ბახმუტის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე და ცდილობს, გააუმჯობესოს თავისი საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიცია ავდეევკის, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით. ამასთან, ღამით რუსმა სამხედროებმა მძიმე არტილერიით დაბომბეს ნიკოპოლი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი.

როგორც უკრაინული მედია წერს, რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. თავის მხრივ, უკრაინის არმიამ შეტევა განახორციელა ზაპოროჟიეს მიმართულებით. უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლული და დაჭრილია 250-ზე მეტი რუსი სამხედრო.

გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 12 დარტყმა განახორციელეს რუსი სამხედროების კონცენტრაციის უბნებზე და მოწინააღმდეგის საზენიტო სარაკეტო სისტემები დაბომბეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლსა და ქალაქის მიმდებარე რაიონებში გაისმა აფეთქებების ხმა.