მედიის ცნობით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე ევროკომისიასა და ევროკავშირის ხუთ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ჩაიშალა
უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე ევროკომისიასა და ევროკავშირის ხუთ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ჩაიშალა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ევროკომისიამ ქვეყნებს პრობლემების დასაბუთების მიზნით სტატისტიკის წარდგენისკენ მოუწოდა. ხუთი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრს ევროკომისიამ განუცხადა, რომ ფერმერთა მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც 100 მილიონი ევროთი დახმარებას გულისხმობს, დამოკიდებულია იმპორტის ცალმხრივი აკრძალვის გაუქმებაზე.
ევროკომისია ბულგარეთის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის თხოვნას უკრაინიდან ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით უკვე დათანხმდა, თუმცა ქვეყნებმა სიაში კიდევ სხვა პროდუქტების დამატებაც მოითხოვეს. ვარშავაში ამბობენ, რომ ევროკომისია დაეთანხმა ნუსხაში უკრაინული მზესუმზირის ზეთის დამატებას.
აღნიშნული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის მიზეზად ევროკავშირის ქვეყნები ბაზარზე უკრაინული იაფი პროდუქციის შეტანის გამო ადგილობრივი ფერმერების დაზარალებას ასახელებენ.
გასულ კვირას ევროკომისიამ აღნიშნულ ხუთ ქვეყანას 100 მილიონი ევროს დახმარება შესთავაზა უკრაინიდან სოფლის მეურნეობის იმპორტის აკრძალვის მოსახსნელად.