მედიის ცნობით, უკრაინელმა მოწმემ სასამართლო პროცესზე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ამოიცნო
უკრაინელმა მოწმემ ბერლინში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ამოიცნო.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვადიმ კ. უკრაინის მოქალაქის ქვისლი აღმოჩნდა. სამი თვის წინ ხარკოველი მოწმე აცხადებდა, რომ არ არის დარწმუნებული, მკვლელობაში ეჭვმიტანილი რომ მისი ნათესავია.
ამავე დროს, თავის ჩვენებაში უკრაინელმა მოწმემ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე თქვა, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელია.
55 წლის უკრაინელმა მოწმემ პირველად ამავე საქმეზე ჩვენება ივლისის ბოლოს მისცა. მაშინ ის აცხადებდა, რომ ვერ იტყვის დარწმუნებით, რომ ბრალდებული მისი ნათესავია, რადგან სულ ორჯერ ჰყავს ნანახი და ისიც 10 წლის წინ.
სამი კვირის შემდეგ უკრაინელმა მოწმემ გერმანულ „შპიგელთან“ თქვა, რომ სასამართლოზე იცრუა, რადგან საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. ინტერვიუში მან ასევე თქვა, რომ იცნო ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული, რომ ის ნამდვილად მისი ქვისლია და ამას გარდა უკრაინელი მოწმე ამტკიცებს, რომ ვადიმ კ. მასთან საუბარში მიანიშნებდა, რომ პირადად იცნობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წელს აგვისტოში ბერლინში მოკლეს. მკვლელი მალევე დააკავეს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მისი ამოცნობა შეძლეს და დაადასტურეს მისი კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამ მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში გერმანიის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა და ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. მოსკოვში ბრალდებას უარყოფენ.