მედიის ცნობით, უკრაინაში ნიდერლანდებიდან სკვითური ოქროს კოლექცია დაბრუნდა
უკრაინაში ნიდერლანდებიდან სკვითური ოქროს კოლექცია დაბრუნდა. ოქროს ნამუშევრები უკვე მიიტანეს კიევ-პეჩერის ლავრაში. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ უკრაინის საბაჟო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინაში შეიტანეს 2 694 კილოგრამი კულტურული ძვირფასეულობა. საბაჟო სამსახური ნივთების იდენტიფიცირებას და გაფორმებას აწარმოებს.
სკვითური ოქროს კოლექცია ნიდერლანდებში ყირიმიდან ნახევარკუნძულის ანექსიამდე გამოფენისთვის გაიტანეს. კოლექცია 500-ზე მეტი ექსპონატისგან შედგება.
რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ სადავო გახდა, ვისთვის უნდა გადაეცათ ექსპონატები – ოკუპირებულ ყირიმში მდებარე მუზეუმებისთვის თუ უკრაინის ხელისუფლებისთვის. ამსტერდამის სასამართლოში მრავალწლიანი დავის შემდეგ დადგინდა, რომ „სკვითური ოქრო“ უკრაინისთვის უნდა გადაცემულიყო.