მედიის ცნობით, უკრაინაში ბრიტანელი ქრეიგ მაკინტოში მოკლეს, რომელიც მოხალისე მედიკოსად მსახურობდა
უკრაინაში ბრიტანელი მამაკაცი, 48 წლის ქრეიგ მაკინტოში მოკლეს, რომელიც მოხალისე მედიკოსად მსახურობდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ მოკლულის დაზე, ლორნა მაკინტოშზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქრეიგ მაკინტოში 24 აგვისტოს მოვალეობის შესრულების დროს ხარკოვის მახლობლად დაიღუპა.
როგორც გარდაცვლილის მეგობარი ჯორჯ დაისონი აცხადებს, მაკინტოში უკრაინის არმიასთან არსებულ ჯგუფში მსახურობდა. ის თვე-ნახევარში სამშობლოში დაბრუნებას გეგმავდა.
ბოლო მიმოწერის დროს, 18 აგვისტოს მან მეგობარს აცნობა, რომ მისი დანაყოფი ინტენსიური ცეცხლის ქვეშა იყო. ქრეიგ მაკინტოში დაშავებულ სამხედროებს სამედიცინო დახმარებას უწევდა, როდესაც ის მოკლეს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების ცნობით, მთავრობა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახთან და უკრაინის ხელისუფლებასთან კონტაქტზეა.