მედიის ცნობით, თურქეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს
თურქეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, აგროვებდნენ ინფორმაციას თურქეთში მცხოვრები უიღურებისა და მათი ორგანიზაციების შესახებ.
თურქი სამართალდამცველები ამჟამად ჯაშუშობაში კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ეძებენ.
ჩინეთის სინძიანის ავტონომიურ რეგიონში უიღურები ცხოვრობენ, რომლებიც ძირითადად მუსლიმები არიან, რომელთა უფლებების შელახვაში ჩინეთის ხელისუფლებას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა ადანაშაულებს. ოფიციალური პეკინი ბრალდებებს უარყოფს. სხვადასხვა მონაცემით, თურქეთში 50 ათასამდე უიღური ცხოვრობს, ეს არის უიღურთა უდიდესი დიასპორა ცენტრალური აზიის ფარგლებს გარეთ. თურქებს უიღურებთან მჭიდრო ეთნიკური, რელიგიური და ლინგვისტური კავშირები აქვთ.