მედიის ცნობით, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ ოქტომბერს ანკარაში მომხდარი აფეთქების შემსრულებლები დაადგინა
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანკარაში მომხდარი აფეთქების შემსრულებლების ვინაობა დაადგინა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტისა და შსს-ის შენობებთან ტერორისტული აფეთქება ოზკან შაჰინმა და ჰასან ოღუზმა განახორციელეს, რომლებიც „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრები იყვნენ.
როგორც მედია წერს, თავდამსხმელების ვინაობის დასადგენად დნმ-ის ანალიზი გახდა საჭირო, რადგან ერთ-ერთმა პირმა შენობის შესასვლელთან თავი აიფეთქა.
„ჩვენი უსაფრთხოების ქვედანაყოფების მიერ დაწყებული გამოძიება გრძელდება. ჩვენი ბრძოლა ტერორიზმთან გაგრძელდება, ვიდრე უკანასკნელი ტერორისტი არ განეიტრალდება“, – აღნიშნულია თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ანკარაში, თურქეთის პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებთან აფეთქება პირველ ოქტომბერს მოხდა.