მედიის ცნობით, ტრამპმა NASA-ს მარსზე ადამიანთა სასწრაფოდ გაგზავნისთვის საჭირო ფული შესთავაზა
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NASA-ს შესთავაზა „მთელი ფული, რაც კი საჭიროა“ მარსზე ადამიანების გასაგზავნად, რათა ეს მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში მოესწროს. ამის შესახებ ჟურნალი New York-ი თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი წარმომადგენელის მემუარებზე დაყრდნობით იუწყება.
ჟურნალის მიხედვით, ამის შესახებ თავის მემუარულ წიგნში „გველგესლების გუნდი: ჩემი 500 ექსტრაორდინარული დღე ტრამპის თეთრ სახლში“, თეთრი სახლის შეტყობინებათა სტრატეგიის ყოფილი დირექტორი კლიფ სიმსი წერს. წიგნი 2019 წლის იანვრის ბოლოს გამოვა. როგორც იგი იხსენებს, 2017 წლის აპრილში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტრონავტებთან სატელეფონო ზარის განხორციელებამდე, ტრამპი ღრმა დაინტერესებას გამოხატავდა ადამიანების მარსზე გაგზავნასთან დაკავშირებით, ოღონდ მის პირველ საპრეზიდენტო ვადაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, NASA-ს წარმომადგენლებთან პრივატული სადილის დროს, ტრამპი მათ აქტიურად ეკითხებოდა მარსზე დაჯდომის შესაძლებლობათა შესახებ. NASA-ს მაშინდელმა ადმინისტრატორმა რობერტ ლაითფუტმა ტრამპს მიუგო, რომ აშშ მარსზე ადამიანების გაგზავნას 2030 წლისკენ გეგმავს.
„არის თუ არა რაიმე გზა, რომ ეს ჩემი პრეზიდენტობის პირველი ვადის მიწურულისკენ მოესწროს?“, — იკითხა ტრამპმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სიმსი წერს, რომ ტრამპის უხეში შეკითხვების გამო, მას ძალიან რცხვენოდა, რადგან რამდენიმე წუთში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ვიდეოზარი უნდა განხორციელებულიყო.
„მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ სულ რაღაც სამ წუთში, ჩენ კამერების წინაშე უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ჯერ ისევ სასადილო ოთახში ვიყავით და განვიხილავდით ისეთ აბსურდს, როგორიც NASA-ს მიერ მარსზე ადამიანების გაგზავნის ათი წლით დაჩქარება იყო“, — წერს სიმსი.
„მაგრამ რა მოხდება, თუ მთელ ფულს მოგცემთ, რაც კი ამისათვის გჭირდებათ“? — ჰკითხა ამის შემდეგ ტრამპმა ლაითფუტს.
ლაითფუტმა ტრამპს კიდევ ერთხელ განუმარტა ლოჯისტიკასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, რამაც პრეზიდენტი აშკარად გულგატეხილი დატოვა. წერს ჟურნალი.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამის შემდეგ, სულ რაღაც წამებში, ტრამპი სააბაზანოში შევარდა, რათა საკუთარი გამომეტყველება შეემოწმებინა, სარკეში ჩაიხედა და თქვა, „კოსმოსურო სადგურო, გესაუბრება შენი პრეზიდენტი“.
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტრონავტ პეგი ვაიტსონს ტრამპმა სატელეფონო ზარისას ჰკითხა, რას ფიქრობდა მარსზე ადამიანების გაგზავნასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც ვაიტსონმა ტექნოლოგიურ და საკანონმდელო გამოწვევებზე მიუთითა, ტრამპმა როგორც ჩანს იხუმრა და აღნიშნა, რომ ამ მისიის განხორციელება მას თავის პირველ ან უარეს შემთხვევაში მეორე საპრეზიდენტო ვადაში სურდა. შესაბამისად, საჭირო იყო ამ პროცესის ცოტა დაჩქარება.
სატელეფონო ზარამდე ერთი თვით ადრე, ტრამპმა ხელი მოაწერა NASA-ს 19,5 მილიარდიან ბიუჯეტს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტორიზაციის კანონპროექტი NASA-ს მარსის კვლევებს სთხოვდა და წარმოადგენდა ამ სახის პირველ დოკუმენტს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.
კლიფ სიმსი აქტიურად იყო ჩართული ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში. ამჟამად ის საკონსულტაციო ფირმას ხელმძღვანელობს. მისი მემუარული წიგნი „გველგესლების გუნდი“ Amazon-ის ბესტსელერების სიაში ამ დროისთვის მეშვიდე ადგილს იკავებს. წიგნი 2019 წლის 29 იანვარს გამოვა.
მომზადებულია nymag.com-ის მიხედვით.